აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფების უმეტესობა უკანონოა.
გადაწყვეტილება ტრამპის მიერ დაწესებულ "საპასუხო" ტარიფებს, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაზე გავრცელდა და ჩინეთზე, მექსიკასა და კანადაზე დაწესებულ დამატებით ტარიფებს ეხება. გადაწყვეტილებას 11 მოსამართლიდან 7-მა დაუჭირა მხარი.
მიღებული გადაწყვეტილებით, აშშ-ს ფედერალური სააპელაციო სასამართლომ უარყო ტრამპის ადმინისტრაციის არგუმენტი, რომ პრეზიდენტს აღნიშნული ტარიფების დაწესების უფლება საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) ფარგლებში გააჩნია და მათ უკანონო უწოდა. IEEPA პრეზიდენტს "უნიკალური და განსაკუთრებული" საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების უფლებას აძლევს.
ტარიფების დაწესებამდე ტრამპმა სავაჭრო ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ამტკიცებდა, რომ სავაჭრო უთანასწორობა აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ტარიფების დაწესება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ შედის და რომ გადასახადების დაწესება "კონგრესის ძირეული ძალაუფლებაა".
გადაწყვეტილება ძალაში 14 ოქტომბერს შევა და ადმინისტრაციას გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოში გასაჩივრებისთვის საკმარისი დრო ექნება.
ტრამპმა სააპელაციო სასამართლო და მისი გადაწყვეტილება Truth Social-ზე გააკრიტიკა და დაწერა, რომ "თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ის პირდაპირ გაანადგურებს ამერიკის შეერთებულ შტატებს".
"დღეს ძალზე პარტიულმა სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ჩვენი ტარიფები უნდა გაუქმდეს, მაგრამ მათ იციან, რომ საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატები გაიმარჯვებს. თუ ეს ტარიფები ოდესმე გაუქმდა, ეს ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება. ეს ფინანსურად დაგვასუსტებს, მაშინ როდესაც ჩვენ ძლიერი უნდა ვიყოთ" - დაწერა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ვრცელდება სხვა ტარიფებზე, მაგალითად ფოლადსა და ალუმინზე დაწესებულ გადასახადებზე, რომლებიც სხვა საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში იქნა შემოღებული.





