რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: უკრაინის იერიშების შემდეგ რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ხანძრებია

Telegram

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 28 აგვისტოს ღამის საათებში რუსეთის სამარის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში ნოვოკუიბიშევსკისა და აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ უკრაინამ დრონების მეშვეობით ფართომასშტაბური იერიში მიიტანა.

რუსულ ტელეგრამ არხ Astra-ზე გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლიდანაც ნოვოკუიბიშევსკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი ჩანს.

ხოლო ტელეგრამ არხ Shot-ის მიხედვით, კრასნოდარის მხარეში მცხოვრებლებმა 6-8 აფეთქების ხმა გაიგეს და დრონებით იერიშის დროს ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც. 

ნოვოკუიბიშევსკის ნავთობქარხანა, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 900 კილომეტრში მდებარეობს, წელიწადში 8.3 მილიონ მეტრულ ტონა ნავთობს აწარმოებს. გავრცელებული ცნობებით, ქარხანამ ნავთობის გადამუშავება აგვისტოს დასაწყისში შეწყვიტა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონების იერიშების შედეგად დაზიანდა. 

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ნოვოკუიბიშევსკის ობიექტზე მუშაობა სრულად შეწყდა, რადგან დრონებმა ქარხნის მთავარი ნავთობგადამამუშავებელი დანადგარი დააზიანეს. 

Reuters ასევე წერდა, რომ აგვისტოში უკრაინამ რუსეთის 10 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, რამაც ობიექტების დახურვა და ქვეყანაში ნავთობის წარმოების უნარის 17%-ით შემცირება გამოიწვია, რაც დღეში 1.1 მილიონი ბარელის ტოლფასია. 

კომენტარები