27 აგვისტოს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს წარმომადგენელი დაიბარა მას შემდეგ, რაც ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული სულ მცირე სამი პირი ფარულად გრენლანდიაში გავლენის მოპოვების ოპერაციებს ეწეოდა.
"[დანიის] სამეფოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება. ამ ფონზე, მე საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ს საქმეთა რწმუნებულის სამინისტროში შეხვედრაზე დაბარება ვთხოვე," განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა.
ცნობისთვის, ტრამპს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სურს, გრენლანდია აშშ-ს შემადგენლობაში შევიდეს. ამ კუთხით, მას არ გამოურიცხავს დანიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენებაც.
თავის მხრივ, დანიასა და გრენლანდიაში ნათქვამი აქვთ, რომ კუნძული არ იყიდება. მათ ასევე დაგმეს გრენლანდიაში აშშ-ს მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესახებ გავრცელებული ცნობები.
27 აგვისტოს დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, DR-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობისა და უსაფრთხოების სფეროს ანონიმური წყაროები, ასევე გრენლანდიასა და აშშ-ში მყოფი წყაროები, მიიჩნევენ, რომ ტრამპთან კავშირების მქონე სულ მცირე სამი ამერიკელი გრენლანდიაში გავლენის მოპოვების მიზნით ფარულ ოპერაციებში იყო ჩართული, რაც ასევე გულისხმობდა გრენლანდიის დანიისგან გამოყოფისა და აშშ-სთან მიერთების იდეის წახალისებას.
რასმუსენმა ასევე დაგმო ნებისმიერი მცდელობა, რომელიც დანიასა და გრენლანდიას შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამაზე გავლენის მოხდენა "მეხუთე კოლონის" შექმნით ან მსგავსი ტიპის ქმედებებით შეუძლიათ, მაშინ ეს ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ თანამშრომლობენ სახელმწიფოები," თქვა რასმუსენმა და ასეთ მცდელობებს "სრულად მიუღებელი" უწოდა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მკაფიოდ ვილაპარაკოთ აშშ-ს წინააღმდეგ," უთხრა მან რეპორტიორებს.





