უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამ კვირაში უკრაინას კონტაქტები ექნება თურქეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ევროპის ქვეყნებთან, რომლებმაც პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებებს შეიძლება უმასპინძლონ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ომის დასასრულებლად ყველაფერს მაქსიმალურად მოამზადებს, შემდგომ კი ყველაფერი "მსოფლიო ლიდერების, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს ნებასა" და მათი მხრიდან რუსეთზე ზეწოლაზე იქნება დამოკიდებული.
"ამ კვირას კონტაქტები გვექნება თურქეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც რუსებთან მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის როლი შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენი მხრიდან ომის დასასრულებლად ყველაფერი მაქსიმალურად მზად იქნება. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ეს დაადასტურონ.
შემდგომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება მხოლოდ მსოფლიო ლიდერების, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს, ნებაზე, რომ რუსეთზე ზეწოლა . ახალი ნაბიჯები და ზეწოლა არის საჭირო: სანქციები, ტარიფები - მაგიდაზე ეს ყველაფერი უნდა იდოს". - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ტრამპმა მარკ ლევინის შოუში ინტერვიუს დროს თქვა, რომ პუტინი და ზელენსკი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების "პროცესში არიან". მანვე აღნიშნა, რომ "უკეთესი იქნება", თუ მის გარეშე შეხვდებიან და სურს, ნახოს, თუ რა მოხდება.
მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრისას პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება არც ორმხრივ და არც სამმხრივ ფორმატს, თუმცა, დაამატა, რომ მსგავსი შეხვედრა "რაც შეიძლება ფრთხილად" უნდა დაიგეგმოს.
მოგვიანებით, 21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრის სავარაუდო ადგილებად შვეიცარია, ავსტრია და თურქეთი დაასახელა.
ხოლო 22 აგვისტოს ლავროვმა თქვა, რომ "პუტინი მზადაა შეხვდეს ზელენსკის, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება", ხოლო შეხვედრა ამჟამად არ იგეგმება. მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოტენციური შეხვედრისთვის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არ არსებობს,
მოგვიანებით, NBC News-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰა ლავროვის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ "ლექცია ლეგიტიმურობაზე ადამიანისგან, რომელიც თავის სკამზე 21 წელია ზის" აბსურდულია.
26 აგვისტოს ტრამპმა თქვა, რომ თუკი რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს არ შეხვდებიან, ამას რუსეთისთვის "ძალიან დიდი შედეგები" შეიძლება მოჰყვეს.





