ივანიშვილის რეჟიმი

"მიზანშეწონილი იქნებოდა FARA-ს უკან გაწვევა" – ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნა

netgazeti.ge

არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონების შესახებ ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭომ 25 აგვისტოს გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (ე.წ. FARA-ს) ეხება.

ექსპერტთა მოსაზრების მიხედვით, ივანიშვილის პარლამენტის მიერ 2025 წლის 1-ელ აპრილს მიღებული ე.წ. FARA სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებებისთვის და რეჟიმს კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. 

საბჭო "ასკვნის, რომ აქტში არსებულ ზომებს სერიოზული გავლენა ექნება შეკრების თავისუფლების უფლებასა და სხვა უფლებებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გარანტირებული." - წერია დოკუმენტში. 

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული კანონი შეიცავს ისეთ პუნქტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მკაფიო სამართლებრივი საფუძველი, ვერ აჩვენებს ლეგიტიმურ მიზანსა და აწესებს არაპროპორციულ შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, რის გათვალისწინებითაც საბჭო მიიჩნევს, რომ აქტით გათვალისწინებული ზომები დემოკრატიულ საზოგადოებაში ვერ ჩაითვლება საჭიროების შემცველად.

საბოლოოდ, საბჭო ასკვნის, რომ ე.წ. FARA-ს კანონი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას "სერიოზულ და გაუმართლებელ" ზიანს მიაყენებს და შეუსაბამო იქნება საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს, მიერ აღებულ ვალდებულებებთან. 

"შედეგად, [საბჭო] ადგენს, რომ მიზანშეწონილი იქნება აქტის უკან გაწვევა და მისი [FARA-ს-] დებულებების აღსრულებისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯისგან თავშეკავება." - წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კომენტარები