ქართული ოცნება ივანიშვილის სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს წარადგენს. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილის გადადგომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენას, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას.
ამ პროცედურის დაცვით და გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს ეარვუდგებთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას.
მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა - უბრალოდ, ცალკე აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის.
გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ზოგადად დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები არის უკვე შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლო ჯამში აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა.
მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება ძალიან მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო დიდი წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე" - განაცხადა კობახიძემ.
ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ივანიშვილის სუს-ის უფროსად აპრილის თვეში დაინიშნა, თანამდებობა დღეს, 23 აგვისტოს სუს-ის Facebook-გვერდზე გავრცელებული განცხადებით დატოვა. მისი და ირაკლი კობახიძის თქმით, ანრი ოხანაშვილი ინიშნება "ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლად".





