გამოცემა Wall Street Journal საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მოკავშირემ, ილონ მასკმა ჩუმად თავი დაანება ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების იდეას.
WSJ-ს ცნობით, მოკავშირეებს მასკმა განუცხადა, რომ სურს, ყურადღება საკუთარ კომპანიებს დაუთმოს და არ უნდა, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლები გაიუცხოოს მესამე პარტიის შექმნით, რომელიც რესპუბლიკელებს ამომრჩევლებს წაართმევს.
ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში მასკმა X-ზე ახალი პარტიის დაარსების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც X-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ხმის მიმცემთა 65% ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას უჭერდა მხარს.
"თანაფარდობით ორი ერთის წინააღმდეგ, თქვენ ახალი პოლიტიკური პარტია გსურთ და ამას მიიღებთ!" - დაწერა მასკმა 5 ივლისს.
"როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა - დემოკრატიაში. დღეს ყალიბდება ამერიკის პარტია, რათა თავისუფლება დაგიბრუნდეთ." - წერდა მასკი.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი პარტიის წამოწყების სიდეის განხილვის პარალელურად, მასკი ცდილობდა, ნაწილობრივ კავშირები შეენარჩუნებინა ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, რომელიც MAGA ("Make America Great Again") მოძრაობის პოტენციურ მემკვიდრედ განიხილება ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ.
წყაროების თქმით, ილონ მასკი ბოლო კვირების განმავლობაში ვენსს ეკონტაქტებოდა და თანამოაზრეებთან ისიც აღიარა, რომ თუკი ახალ პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებდა, ეს ვიცეპრეზიდენტთან მის ურთიერთობას დააზიანებდა.
ამასთან, WSJ-ს წყაროების მიხედვით, მასკი და მისი თანამოაზრეები დაახლოებულ პირებს ეუბნებიან, რომ თუკი ვენსი 2028 წელს დააპირებს, პრეზიდენტობაზე კენჭი იყაროს, მასკი ვენსის მხარდასაჭერად თავისი დიდძალი ფინანსური რესურსების გამოყენებას გეგმავს.
თუმცა, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მასკის მოკავშირეები ამბობენ, რომ მილიარდერს ახალი პარტიის შექმნის იდეა ჯერჯერობით ბოლომდე გამორიცხული არ აქვს.
Gateway Pundit-თან ინტერვიუში საკითხთან დაკავშირებით ვენსმა განაცხადა, რომ შეცდომა იქნება ტრამპისა და კონსერვატიული მოძრაობისგან ჩამოშორება. "ამიტომ, ჩემი იმედია, რომ როცა შუალედური არჩევნების დრო მოვა, ის [მასკი] ჩვენ რიგებს დაუბრუნდება." - დაამატა მან.
საგადასახადო და საბიუჯეტო რეფორმების კანონპროექტის გამო ტრამპსა და მასკს შორის პირველად საჯარო დაპირისპირება 3 ივნისს დაიწყო, როცა მასკმა კანონპროექტს, რომელიც იმ დროს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში განიხილებოდა, "გულისამრევი საშინელება" უწოდა.
ხოლო 1-ელ ივლისს, როცა კანონპროექტს სენატში განიხილავდნენ, მასკი დაიმუქრა, რომ მისი მიღების შემთხვევაში ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა.
ტრამპის "დიდ, ლამაზ" კანონპროექტს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ მხარი 3 ივლისს დაუჭირა, 218 ხმით 214-ის წინააღმდეგ. მომდევნო დღეს კი თეთრ სახლში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა, რითაც ის ძალაში შევიდა.





