კრიმინალი

მარნეულში ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 3 პირი დააკავეს - შსს

ქვემო ქართლში, მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული ს. ბ. და 1994 წელს დაბადებული ე.ტ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულები ფინანსური დავის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანის საბარგულში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ერთ-ერთი მდინარის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც დ. ა.-მ შეძლო საბარგულის გახსნა და გაქცევა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ბ ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები