დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ნარკოკარტელებთან ბრძოლის ფარგლებში აშშ სამხედრო გემებს გზავნის ვენესუელის სიახლოვეს

USS Thomas Hudner
Mass Communication Specialist 3rd Class Cameron Pinske/U.S. Navy

გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, ლათინურ ამერიკული ნარკოკარტელებისგან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის ფარგლებში, ამერიკა ვენესუელის მიმდებარე წყლებში სამ Aegis-ის ტიპის მართვადი რაკეტებით აღჭურვილ საესკადრო ნაღმოსანს გზავნის.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, USS Gravely, USS Jason Dunham და USS Sampson-ის დანიშნულების ადგილზე ჩასვლას მალე მოელიან. 

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ რეგიონში სამხედრო ნაწილები ნარკოტიკებთან ბრძოლაში მხარდაჭერის მიზნით გაგზავნეს. მაღალჩინოსნის მიხედვით, აშშ რეგიონში გემებს "რამდენიმე თვის განმავლობაში" განალაგებს. 

აგვისტოს დასაწყისში გამოცემა New York Times საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპმა საიდუმლოდ პენტაგონის მისამართით ხელი მოაწერა განკარგულებას, რათა დაიწყოს სამხედრო ძალის გამოყენება იმ ლათინურ ამერიკული ნარკოკარტელების წინააღმდეგ, რომლებიც მისმა ადმინისტრაციამ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. 

NYT-ის ცნობით, ტრამპის ბრძანება ოფიციალურ საფუძველს აყალიბებს ზღვასა და უცხოურ მიწაზე კარტელების წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობისთვის. 

გამოცემის წყაროების მიხედვით, ამერიკელ მაღალჩინოსნებს უკვე დაწყებული ჰქონდათ შესაძლო ვარიანტების განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაერთვებოდა აღნიშნული ჯგუფების წინააღმდეგ აშშ-ს არმია. 

იანვარში პრეზიდენტის თანამდებობის ხელმეორედ დაკავების შემდეგ, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ნარკოკარტელების უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება დაავალა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თებერვალშივე Tren de Aragua, Mala Salvatrucha (იგივე MS-13) და კიდევ სხვა რამდენიმე დაჯგუფება უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაციები ეროვნული უსაფრთხოების დონის საფრთხეს წარმოადგენდნენ იმაზე მეტად, ვიდრე ეს ტრადიციულ ორგანიზებულ დანაშაულს ახასიათებს. 

"კარტელების ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადება აშშ-ს საშუალებას აძლევს, "გამოიყენოს ამერიკის ძალის, სადაზვერვო სააგენტოების, თავდაცვის დეპარტამენტისა და სხვა სახის ელემენტები, რათა ეს ჯგუფები მიზანში ამოიღოს, თუკი ამის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს," განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 აგვისტოს EWTN-თან ინტერვიუში. 

"ჩვენ მათ უნდა მოვექცეთ, როგორც შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს და არა როგორც უბრალოდ ნარკომოვაჭრე ორგანიზაციებს," დაამატა რუბიომ. 

კომენტარები