რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: ზელენსკიმ ტრამპთან საუბრისას უარყო პუტინის მოთხოვნა დონეცკის ოლქის დათმობის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის დროს უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნაზე დონეცკის მთლიანი ოლქის დათმობის შესახებ. ინფორმაციას გამოცემა Reuters საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ პუტინი რუსეთისთვის დონეცკის ოლქის მთლიანად გადაცემის სანაცვლოდ, "ფრონტის ხაზის გაყინვას" სთავაზობდა. ზელენსკიმ კი პუტინის მოთხოვნა უარყო.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რომელსაც ევროპული ქვეყნებისა და NATO-ს ლიდერებიც დაესწრნენ, საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

ამასთან, Reuters-ის წყარომ ასევე დაადასტურა, რომ ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე ევროპელი ლიდერებიც არიან მიწვეულნი.


15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა "პროდუქტიული" იყო და დაამატა, რომ NATO-სა და ზელენსკის იმავე დღეს დაურეკავდა.

პუტინის შეფასებით, მოლაპარაკებები "იყო ძალიან საფუძვლიანი და სასარგებლო". - ამის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ალასკაში მოწვევის წინადადებისთვის და აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად ლოგიკური იყო სწორედ აქ შეხვედრა".

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან "მრავალ პუნქტზე მოხდა შეთანხმების მიღწევა." თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება."

"ვერ მივაღწიეთ, მაგრამ კარგი შანსი გვაქვს მიღწევის" - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს ასევე არ გამოუცხადებიათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და არც ის დაუკონკრეტებიათ, თუ რა წინადადებები განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ სამიტის დროს.

კომენტარები