რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: ტრამპი ევროპელ ლიდერებს უკრაინისთვის აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებზე ელაპარაკა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Bigstock / Palinchak

Bloomberg რამდენიმე ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ის უკრაინისთვის აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებაზე იყო მზად.

ოფიციალური პირები, რომლებმაც ალასკის სამიტის შემდეგ ტრამპთან ისაუბრეს, გამოცემას უყვებიან, რომ ტრამპის თქმით, პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ უკრაინას ფრონტის ხაზის სხვა რეგიონებში გაყინვის სანაცვლოდ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ტერიტორიებზე უარი ეთქვა.

ოთხი ოფიციალური პირი Bloomberg-ს უყვება, რომ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინი აცნობიერებს, რომ უკრაინაში ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას დასავლური ჯარების ყოფნა მოჰყვება.


15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა "პროდუქტიული" იყო და დაამატა, რომ NATO-სა და ზელენსკის იმავე დღეს დაურეკავდა.

პუტინის შეფასებით, მოლაპარაკებები "იყო ძალიან საფუძვლიანი და სასარგებლო". - ამის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ალასკაში მოწვევის წინადადებისთვის და აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად ლოგიკური იყო სწორედ აქ შეხვედრა".

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან "მრავალ პუნქტზე მოხდა შეთანხმების მიღწევა." თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება."

"ვერ მივაღწიეთ, მაგრამ კარგი შანსი გვაქვს მიღწევის" - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს ასევე არ გამოუცხადებიათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და არც ის დაუკონკრეტებიათ, თუ რა წინადადებები განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ სამიტის დროს.

 

კომენტარები