აშშ-ინდოეთი

ტარიფების გაორმაგების მიუხედავად, თავდაცვის სფეროში აშშ-ს და ინდოეთის ურთიერთობა გრძელდება

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, მიუხედავად პრეზიდენტი ტრამპის მიერ ინდოეთისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესებისა, თავდაცვის სფეროში დელისა და ვაშინგტონის ურთიერთობა შეუფერხებლად გრძელდება.

"ველოდებით, რომ აშშ-ს თავდაცვის პოლიტიკის გუნდი დელიში აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოვა. ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო სწავლების 21-ე ეტაპის ჩატარება კი ამ თვის ბოლოს ალასკაზე იგეგმება". - თქვა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, რანდჰირ ჯაისვალმა.

როგორც Bloomberg აღნიშნავს, დელისა და ვაშინგტონის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპმა ინდოეთს რუსული ნავთობის შეძენის გამო დამატებით 25%-იანი [ჯამში 50%] ტარიფები დაუწესა. გამოცემის შეფასებით, ამ ფონზე იმის ხაზგასმა რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობები უცვლელია, მნიშვნელოვანია, რადგან აშშ ინდოეთს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთთან მიმართებით წონასწორობის შენარჩუნებისთვის განიხილავს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კი ქვეყნებს შორის პარტნიორობას "ისტორიული" უწოდა და ინდოეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"ჩვენი ორი ქვეყანა გაერთიანებულია საერთო ხედვით – უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი". - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადებაში.

კომენტარები