რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი ალასკაში, როგორც ჩანს, სვიტერზე გამოსახული CCCP-ს წარწერით ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ალასკაში, როგორც ჩანს, სვიტერზე გამოსახული CCCP-ს წარწერით ჩავიდა.

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ვლადიმირ პუტინს შორის ისტორიული სამიტი ალასკის ქალაქ ანკორიჯში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) დაიწყება.

შეხვედრის შემდეგ, სადაც ქვეყნების ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომზე ილაპარაკებენ, შესაძლებელია, რომ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართონ. 

"ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ერთობლივ და შემდგომ ცალკეულ პრესკონფერენციებს გავმართავთ, ან შეხვედრა ცუდად დამთავრდება, მე მხოლოდ პრესკონფერენცია მექნება და წავალ." - განუცხადა ტრამპმა Fox Radio-ს. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე პატივისცემის ჯერ ზელენსკის დაურეკავს, შემდეგ კი - ევროპელ ლიდერებს. 

ტრამპმა შეხვედრის წინა დღეს აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს, თეთრმა სახლმა მოლოდინების მართვა სცადა შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევასთან დაკავშირებით და შეხვედრას "მოსმენის სავარჯიშო" უწოდა. 

აშშ-ს პრეზიდენტი ასევე დაიმუქრა, რომ თუ პუტინი მასთან შეხვედრის შემდეგ არ დათანხმდება ომის შეწყვეტას, ამას "მძიმე შედეგები მოჰყვება." მანამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ალასკაში დაგეგმილი შეხვედრა პუტინისთვის "გამოცდა" იქნება. 

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი საბოლოო მიზანია, პუტინი და ზელენსკი ერთ ოთახში შეახვედროს და მათ შორის არსებული უთანხმოებები აღმოფხვრას. ტრამპის თქმით, "უფრო მნიშვნელოვანი" მეორე შეხვედრა იქნება, რომელიც მისი თანდასწრებით, პუტინს, ზელენსკისა და შესაძლოა, რომელიმე ევროპელ ლიდერს შორის გაიმართოს. 

13 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტი ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა, რის შემდეგაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ X-ზე დაწერა, რომ ტრამპი შეხვედრაზე პუტინისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, ხოლო ტერიტორიულ საკითხებზე მხოლოდ ზელენსკის თანდასწრებით მოილაპარაკებს. 

"ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ პუტინისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებები მხოლოდ ზელენსკის თანდასწრებით მოხდება მოგვიანებით გამართულ შეხვედრაზე და რომ აშშ წვლილს შეიტანს საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის მიერ მოწვეული მსურველთა კოალიციის ძალისხმევით შემუშავებულ უსაფრთხოების გარანტიებში." - დაწერა ბარომ. 

კომენტარები