რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უშაკოვი: უიტკოფისა და პუტინის შეხვედრაზე გარკვეული გზავნილები გადავეცით

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველი და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი იური უშაკოვი
Ria

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მოსკოვში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით “გარკვეული გზავნილები” გადასცეს და ტრამპისგან “შესაბამისი გზავნილები” მიიღეს

ამასთან, უშაკოვმა შეხვედრა “სასარგებლოდ და კონსტრუქციულად” შეაფასა

ამის შესახებ უშაკოვმა რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ის ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა. 

“აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დღეს დილით ჩვენმა პრეზიდენტმა მიიღო. შედგა საკმაოდ სასარგებლო და კონსტრუქციული საუბარი. [...] ჩვენი მხრიდან, კერძოდ უკრაინის საკითხზე, გარკვეული გზავნილები გადაეცათ. შესაბამისი გზავნილები მივიღეთ პრეზიდენტ ტრამპისგან”. - თქვა უშაკოვმა. 

უშაკოვის თქმით, საუბრის მთავარი თემები იყო რუსეთ-უკრაინის ომი და აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობა.

“თემები რომ დავასახელოთ, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის კრიზისი იყო. მეორე თემა აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივები იყო”. - თქვა უშაკოვმა. 

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ დაამატა, რომ კრემლს უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთება შეეძლება, როდესაც უიტკოფი შეხვედრის შედეგების შესახებ დონალდ ტრამპს შეატყობინებს. 

“ახლა სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენი პრეზიდენტი ინფორმაციას სრულად ფლობს. ჩვენი გზავნილები, გზავნილები პრეზიდენტი ტრამპისგან. ხოლო ტრამპისთვის ამ შეხვედრის შედეგებზე ჯერ არ შეუტყობინებიათ. ამიტომ თავს შევიკავებდი უფრო დეტალური კომენტარებისგან. შევხედოთ, როდესაც უიტკოფი დღეს შემდგარი შეხვედრის შესახებ ტრამპისთვის მოყოლას მოახერხებს, ამის შემდეგ, ცხადია, ჩემი კომენტარი რაღაცით უფრო შევავსოთ უფრო არსებითად”. - თქვა უშაკოვმა. 

დღეს, 6 აგვისტოს, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსეთის მიმართ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე, ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოსკოვში მას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.

იანვარში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უიტკოფი რუსეთში რამდენჯერმე ჩავიდა. ბოლოს ის მოსკოვში აპრილის თვეში გაემგზავრა და პუტინთან უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა განიხილა.

ტრამპმა გუშინ, 5 აგვისტოს, განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით გადაწყვეტილებას უიტკოფის ვიზიტის დასრულების შემდეგ მიიღებს: "რუსეთთან ხვალ შეხვედრა გვექნება და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ," თქვა მან.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.

კომენტარები