აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში 6 აგვისტოს, რუსეთის მიმართ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე, ჩავიდა და მოლაპარაკების მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
მოსკოვში მას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.
იანვარში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უიტკოფი რუსეთში რამდენჯერმე ჩავიდა. ბოლოს ის მოსკოვში აპრილის თვეში გაემგზავრა და პუტინთან უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა განიხილა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ, 5 აგვისტოს, განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით გადაწყვეტილებას უიტკოფის ვიზიტის დასრულების შემდეგ მიიღებს: "რუსეთთან ხვალ შეხვედრა გვექნება და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ," თქვა მან.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.
მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ს წარმომადგენელმა, ჯონ კელიმ განმარტა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ულტიმატუმის მიხედვით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 8 აგვისტოსთვის უნდა მოხდეს.





