ნარკოდანაშაული

ამოღებულია 44 შეკვრა "მეთადონი" და "ალფა-პვპ" - შსს-მ უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე - 2003 წელს დაბადებული მ.უ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 44 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები "მეთადონი" და "ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები