შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს - უწყების განცხადებით ამოღებულია 103 კგ-მდე მეტამფეტამინი, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონი ლარია.
უწყების ცნობითვე, განსაკუთრებით დიდი ოცნებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.
"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო კაუსტიკური სოდით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო.
სამართალდამცველებმა, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, ტომრებში გადანაწილებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი საშუალება აღმოაჩინეს.
მოცემულ საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურამ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჯგუფურად) და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, "ბრალდებულმა დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების „მეტამფეტამინის“ შემცველი ნივთიერების, საქართველოს გავლით, ბულგარეთის რესპუბლიკაში ტრანზიტით გადაზიდვის მიზნით, თავისი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გაგზავნა. ექვს ტომარაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის (ფუძე)“ შემცველი ნივთიერება, შენიღბულად როგორც „კაუსტიკური სოდა“ ჩაატვირთინა ავტომანქანის მისაბმელში და 28 აპრილს, მისი კომპანიის მძღოლის მეშვეობით „სადახლოს“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.





