ლაშა ცანავა

ენმ: ცანავას განცხადებაზე მყისიერ მოკვლევასა და გამოძიებას ვითხოვთ

ლაშა ცანავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მათი დაკავებული წევრის, ლაშა ცანავას განცხადების საფუძველზე მოკვლევასა და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

"ლაშა ცანავამ, რომელიც პოლიტიკური დევნის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სასამართლო პროცესზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა იმ ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ, რომელიც მის მიმართ სუს-ში მისი დაკავების შემდეგ განხორციელდა. კერძოდ, ცანავამ თქვა, რომ მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ხაბეიშვილისა და პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდა.

იმის მიუხედავად, რომ ეს განცხადება საჯაროდ გაკეთდა, ამ დრომდე მას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საჯარო გამოხმაურება, გამოძიება და რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ ერთი წუთით არ გვჯერა, რომ ან სუსი, ან პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამენ, ენმ ვიცავთ რა იურიდიულ, ფორმალურ ვალდებულებას და ვითხოვთ ამ ფაქტის მყისიერ მოკვლევასა და გამოძიებას. თუ ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი". - წერია ენმ-ის განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს დაკავებული წევრის, ლაშა ცანავას ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, ცანავას სუს-ში თანხა შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ მათთვის ლევან ხაბეიშვილზე ინფორმაციები მიეწოდებინა.

ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სხდომაზე თავად ცანავამაც ისაუბრა. 

დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს - საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ლაშა ცანავა სუს-მა 31 ივლისს დააკავა, მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ცნობით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 დოლარი მოსთხოვა.

"მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები