ლაშა ცანავა

ხაბეიშვილი: ლაშა ცანავას ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ, არავის ეშინია

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მისი დაკავებული თანაგუნდელის, ლაშა ცანავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

"კობახიძეს, მდინარაძესა და ოხანაშვილს ყველა მათნაირი ქვეშაფსია და პრო*ი ჰგონიათ. ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, ლაშა ცანავა ყოველთვის ჩემ გვერდში იყო [...] ბრალზე, რომელსაც ლაშას ედავებიან, თან თაღლითობის მცდელობას, თაღლითობასაც არა - სუს-ი ამაზე არ აკავებს, ეს სუს-ის საქმე არაა. ეს პოლიციის საქმეა.

თუმცა, ლაშა სუს-ში წაიყვანეს, ბევრი ფული დაუდეს და უთხრეს, ახლა ჩვენ რაღაც კადრები გვაქვს შეკერილი და აირჩიე, ან 9 წელი, ან ხაბეიშვილს უთვალთვალე, ჩაწერე, გვითხარი, სად გადაადგილდება, კამერა გაიკეთე და შენს მეგობარს სდიე იმისთვისო, რომ მერე ჩვენ: ფოხანაშვილმა, ჯეკამ, მდინარაძემ და კობახიძემ ხაბეიშვილი დავიჭიროთ, მოვყვეთ, როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რაღაც რევოლუციის მოწყობასო [...]

ძალიან შეგეშალათ, ჩემ გვერდში თქვენნაირი მშიშრები, მხდლები და პრო*ები არ არიან. ჩემ გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, ვაჟკაცი ბიჭები და ასე თავაწეულად და ღირსეულად, ლაშა ცანავამ თავისით გააღო მისი საკნის კარი. ცხადია, მის ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ და არავის ეშინია". - თქვა ხაბეიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს დაკავებული წევრის, ლაშა ცანავას ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, ცანავას სუს-ში თანხა შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ მათთვის ლევან ხაბეიშვილზე ინფორმაციები მიეწოდებინა.

ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სხდომაზე თავად ცანავამაც ისაუბრა. 

დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს - საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ლაშა ცანავა სუს-მა 31 ივლისს დააკავა, მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ცნობით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 დოლარი მოსთხოვა.

"მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები