ლაშა ცანავა

სუს-ში ცანავას თანხა შესთავაზეს, რომ ხაბეიშვილზე ინფორმაცია შეეგროვებინა - ადვოკატი

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს დაკავებული წევრის, ლაშა ცანავას ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, ცანავას სუს-ში თანხა შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ მათთვის ლევან ხაბეიშვილზე ინფორმაციები მიეწოდებინა.

"გამოჩნდა, ლაშას საქმე რატომ შეუკერეს და მისგან რა უნდოდათ - სუს-ში აიყვანეს და პირდაპირ უთხრეს, აგერ თანხა, ფული უნდა აიღო, ლევან ხაბეიშვილთან მიხვიდე და რაღაც კომპრომატები შეაგროვო, სად გადაადგილდება, როგორ გადაადგილდებაო, ინფორმაციები რომ მოეტანა. 

ასევე, ლაშამ აღნიშნა, რომ თურმე, ანრი ოხანაშვილს ფოხანას რომ ეძახის, ის ამაზეა გაბრაზებული და ესეც კი უთხრეს [...] მათ ლევან ხაბეიშვილის ეშინიათ, სად გადაადგილდება, როგორ გადაადგილდება და უნდოდათ, რომ რამენაირად, მისი უახლოესი მეგობარი გადმოებირებინათ. მაგრამ, ვნახეთ, რომ ლაშა ცანავა არ გაიყიდა". - თქვა ცანავას ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სხდომაზე თავად ცანავამაც ისაუბრა. 

დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს - საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ლაშა ცანავა სუს-მა 31 ივლისს დააკავა, მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ცნობით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 დოლარი მოსთხოვა.

"მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები