ლაშა ცანავა

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

ლაშა ცანავა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს - საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

ლაშა ცანავა სუს-მა 31 ივლისს დააკავა, მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ცნობით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 დოლარი მოსთხოვა.

"მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები