იემენის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 68 მიგრანტი დაიღუპა. ნავზე ჯამში 157 ადამიანი იმყოფებოდა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) იემენის ოფისის ხელმძღვანელის ცნობით, ნავის ჩაძირვა უამინდობამ გამოიწვია. მისივე თქმით, მაშველებმა ამ დრომდე 12 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ათობით ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ნავზე მყოფი მიგრანტების უდიდესი ნაწილი ეთიოპიის მოქალაქეა.
როგორც BBC აღნიშნავს, მიგრანტები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში ჩასვლისა და სამსახურის პოვნის მიზნით ბაბ-ელ-მანდების სრუტეს ხშირად კვეთენ. IOM-ის შეფასებით, სომალის ნახევარკუნძულიდან იემენამდე მიმავალ გზა მიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო თვეების განმავლობაში ამ გზაზე ნავების ჩაძირვის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა.





