მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, გუატემალას საზღვართან ახლოს, სამხედროებმა მიგრანტებით სავსე მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავებულია. ავტომობილში სულ 33 ადამიანი იმყოფებოდა.
მექსიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო პატრულმა შენიშნა პიკაპის ტიპის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა და გაჩერებისგან თავის ასარიდებლად გარკვეულ მანევრებს აკეთებდა.
როგორც განცხადებაშია წერია, ამის შემდეგ, სამხედროებმა აფეთქებების ხმა გაიგეს, რაც უწყებას შეატყობინეს, შემდეგ კი ორმა ოფიცერმა მანქანას ცეცხლი გაუხსნა.
Reuters-ის ცნობით, ჩიაპასის შტატში მოძრავი მიგრანტებით სავსე პიკაპი სამხედრო გამშვებ პუნქტთან არ გაჩერდა, რის შემდეგაც მანქანას სამხედროები დაედევნენ, რასაც სროლა მოჰყვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტები ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბადან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან იყვნენ.
უწყება აღნიშნავს, რომ გამოძიების დასრულებამდე სამხედროებს უფლებამოსილება შეჩერებული ექნებათ.





