მზია ამაღლობელის საქმე

ადვოკატი: ამაღლობელს ერთ თვალში პრაქტიკულად არ აქვს მხედველობა, მეორეში - სათვალით 30%-მდე

მზია ამაღლობელი

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა.

დღევანდელ სხდომაზე მწარიაშვილმა სასამართლოს ბოლო კვლევის შედეგი გადასცა, რომლის მიხედვითაც ამაღლობელი ერთი თვალიდან პრაქტიკულად ვეღარ ხედავს.

"ცნობის სახით მინდა მოგაწოდოთ. ესაა ბოლო დღეების კვლევა მის თვალთან დაკავშირებით. აქ ნახავთ თქვენ, რომ მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა, ახლა მას ორივე თვალზე აქვს კერატოკონუსი. ერთ თვალში პრაქტიკულად არ არის მხედველობა და მეორე თვალში, სათვალის შემთხვევაში, მხოლოდ 30 პროცენტამდეა გაუმჯობესება შესაძლებელი" - განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, ბათუმელების ცნობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ წუთებში, მზია ამაღლობელი დასკვნითი სიტყვით მიმართავს, მოსალოდნელია, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.


ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნა.

კომენტარები