დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი - ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს.
თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა - არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი.
[...]
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებთ. მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად.





