ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი “სანქციების მიმართ იმუნიტეტთან” დაკავშირებით კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ტრამპი ტარიფების დაწესებით იმუქრება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს ყიდულობენ.
გრემი რუსეთს ურჩევს, მისი ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემსყიდველ ქვეყნებთან “გადაამოწმოს, იზიარებენ თუ არა მათ გულგრილ დამოკიდებულებას” სანქციების მიმართ.
ამის შესახებ გრემი X-ზე წერს.
გრემის თანახმად, რუსეთი მართალია, რომ სანქციებისთვის თავის არიდება შეძლო, თუმცა არ ესმის, რომ ტრამპი თამაშს ცვლის.
“როგორც ჩანს, ის არ გესმით, რომ პრეზიდენტი ტრამპი თამაშს ცვლის და ტარიფებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც თქვენს ნავთობსა და ბუნებრივ აირს ყიდულობენ და თქვენს საომარ მანქანას მხარს უჭერენ.
იქნებ, მალე ამ ქვეყნებთან გადამოწმება გიღირდეთ, იზიარებენ თუ არა თქვენს გულგრილ დამოკიდებულებას”. - წერს გრემი.
გრემმა ასევე აღნიშნა, რომ კონგრესში “მსხვილი ორპარტიული უმრავლესობა მზად არის, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამ წამოწყებაში დაეხმაროს”.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის განცხადებების პასუხად კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთმა "სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა".
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებული იყო და ამის გამო მისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებდა.
"მე ვაპირებ ახალი ვადა დავაწესო - დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღე. ლოდინს აზრი არ აქვს. თავიდან 50 დღე იყო გათვალისწინებული, მინდოდა ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, [მშვიდობისკენ] ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედვთ" - თქვა ტრამპმა
ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთის წინააღმდეგ] მეორად სანქციებს დააწესებს".





