რუსეთი-მოლდოვა

რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა – პესკოვი სანდუს განცხადებაზე

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადება მოლდოვის მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მცდარია. პესკოვი ასევე ირწმუნება, რომ "რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა". 

"ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა". - თქვა პესკოვმა. 

მანამდე, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ რუსეთი მოლდოვის მომავალ არჩევნებში "უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება", რისთვისაც საარჩევნო კორუფციასა და გარეგან არალეგალურ ფინანსურ ჩარევას გამოიყენებს. 

ცნობისთვის, მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა აქამდე თქვა, რომ რუსმა აგენტებმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო, მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ის ეკვივალენტი, დახარჯეს გასულ წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ხმების მოსასყიდად. 

როგორც POLITICO წერს, მოსალოდნელია, რომ სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების შედეგად მოლდოვის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის ადგილები მნიშვნელოვნად შემცირდეს. 

სანდუ, რომელიც ცდილობს, მოლდოვა კიდევ უფრო დააახლოვოს ევროკავშირთან და დააშოროს რუსულ ორბიტას, ოპოზიციის სახით მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება. მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელიც 2024 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუს მთავარი ოპონენტი იყო და მნიშვნელოვანი რაოდენობის ხმებიც მიიღო, ამჟამად სამი ოპოზიციური პარტიის კოალიციის ლიდერია. 

პრორუსულად განწყობილი სტოიანოგლოს კოალიცია მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებშიც სანდუს პარტიის მთავარი ოპონენტი იქნება. 

მოლდოვის პარლამენტის სპიკერის, იგორ გროსუს თქმით, სექტემბრის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის "გადამწყვეტი" იქნება. 

კომენტარები