სროლა აშშ-ში

ნიუ-იორკში ცათამბჯენში მსროლელი შეიჭრა და 4 ადამიანი მოკლა

NYPD via NBC News

აშშ-ში ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენში მდებარე ცათამბჯენში მსროლელი შეიჭრა, 4 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

შენობაში ფინანსური რიგი ფინანსური ფირმების, მათ შორის Blackstone-ისა და KPMG-ისა და  აშშ-ს ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) სათავო ოფისები მდებარეობს

დაღუპულთაგან ერთ-ერთი 36 წლის პოლიციელია, ხოლო დანარჩენებს შორის ორი კაცი და ერთი ქალია. ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის თქმით, სროლის შედეგად ერთი კაცი სერიოზულად დაშავდა და საავადმყოფოში "სიცოცხლისთვის იბრძვის". 

აშშ-ს ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) კომისრის, როჯერ გუდელის ცნობით, სროლის შედეგად NFL-ის თანამშრომელი სერიოზულად დაშავდა და მას ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ. 

სამართალდამცავებმა მსროლელის ვინაობა დაადგინეს - თავდამსხმელი 27 წლის შეინ დევონ ტამურა იყო. ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, ტამურა მარტო მოქმედებდა. 

ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციის უფროსის, ჯესიკა ტისქის ცნობით, მსროლელმა ნიუ-იორკში ჩასასვლელად ლას-ვეგასში თავისი სახლიდან რამდენიმე დღის განმავლობაში იმოგზაურა. თავდამსხმელის მანქანაში პოლიციამ რეცეპტით გაცემული წამალი, შაშხანის ჩასადები, სავაზნე კოლოფი და დატენილი რევოლვერი იპოვა. 

ტისქის თქმით, ტამურას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების "დოკუმენტირებული" ისტორია აქვს. 

"ლას-ვეგასში ჩვენმა პარტნიორებმა შეგვატყობინეს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორიის შესახებ". - თქვა ტისქმა. 

პოლიციას მსროლელის მოტივი ჯერჯერობით არ გაურკვევია. უცნობია, თუ რატომ ავიდა ტამურა ცათამბჯენის 33-ე სართულზე. 

"ვმუშაობთ იმის გარკვევაზე, თუ რატომ ამოიღო მან ეს კონკრეტული ადგილი სამიზნეში". - თქვა ტისქმა. 

ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილების (LAPD) სპიკერის თქმით, ინტერნეტში გავრცელებული ცნობების ფონზე უწყება LAPD-სთან ტამურას შესაძლო კავშირების გამოძიება დაიწყო. 

"ამგვარ საკითხებს სერიოზულად ვეკიდებით და ინფორმაციას აქტიურად ვიძიებთ. ამ დროისთვის დეტალების დადასტურებასა და ფაქტების შეგროვებაზე ვმუშაობთ". - თქვა სპიკერმა. 

კომენტარები