რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ დრონებით რუსეთის როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს დაარტყა

ადგილობრივი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, უკრაინის არმიამ 29 ივლისის ღამით ფართომასშტაბური იერიში მიიტანა რუსეთის როსტოვის ოლქზე და ქალაქ სალსკში რკინიგზის სადგურს დაარტყა. 

ადგილობრივების მიერ გადაღებულ და ტელეგრამ არხ Astra-ს მიერ გადამოწმებულ სოციალურ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უკიდია ცეცხლი რკინიგზის სადგურს. 

როსტოვის ოლქის მოქმედმა გუბერნატორმა, იური სლუსარმა ტელეგრამზე მომხდარი თავდასხმა დაადასტურა და დაწერა, რომ სალსკზე იერიშის ფარგლებში მოქალაქის მანქანაც დაზიანდა, მძღოლი კი დაიღუპა. 

სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ რუსულ რკინიგზაში განაცხადეს, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა რკინიგზის ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სალსკის სადგურის გავლით მატარებლების მიმოსვლის შეჩერება გახდა საჭირო. 

სლუსარის მტკიცებით, ქალაქის სხვა ნაწილში უკრაინული დრონები სახლებსა და მანქანებს დაეცა, რასაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ოლქში 74 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

27 ივლისს უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ვოლგოგრადის ოლქში გამავალ სარკინიგზო ხაზზეც, რის შედეგადაც, რუსული მხარის მიხედვით, რკინიგზას ელექტრომომარაგება შეუწყდა და მატარებლების გადაადგილება შეფერხდა. 

ვოლგოგრადის ოლქის ადმინისტრაციის მიერ Telegram არხზე გავრცელებულ განცხადებაში გუბერნატორი ანდრეი ბუჩაროვი წერდა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კომენტარები