თბილისის საქალაქო სასასმართლოში, აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე გამომძიებელი ლევან ბასილაძე იკითხება. ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სხდომაზე თქვა, გამომძიებელი ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ბასილაძის შვილია და საქმეში პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.
"მისი შვილი ხართ?" - ჰკითხა თუთბერიძემ მოწმე პოლიციელს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შეკითხვა განარიდა, მისი თქმით, ის საქმესთან შემხებლობაში არ არის. "მისი ოჯახი ვინაა და რას წარმოადგენს, მოწმესთან შემხებლობა არ აქვს" - თქვა მჭედლიშვილმა.
იგივე პიზიციაზე იყვნენ პროკურატურა და მოწმე ბასილაძეც. ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა, რათა დადგინდეს, რამდენად ობიექტური იყო გამომძიებელი.
გია ბასილაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილედ 2021 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა.
გარდა ამისა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის მიხედვით, ის 2020 წლიდან დღემდე, ქართული ოცნების ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია.
მოწმის თქმით, მან დაათვალიერა გიორგი გორგაძის კადრები, შსს-ს ბაზის მიხედვით ამოიცნო ის. ასევე მისი თქმით, პირადი კონტაქტისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ალიევი, გოშაძე, ჯავახიშვილი, გორგაძე, მიმონოშვილი ჩადიოდნენ დანაშაულს. პოლიციის მიმართულებით ისროდნენ ქვებს, საგნებს, ფეიერვერკებს, რის შესახებაც შესაბამისი პატაკი შეადგინა.
სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





