ზვიად ქორიძე

TI: ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელს მხოლოდ 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო "შერატონის" ლობიში ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გოჩა სამხარაძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად და მას მხოლოდ 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა.

"2025 წლის 14-15 იანვრის ღამით, ბათუმში, სასტუმრო "შერატონის" ლობიში, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზვიად ქორიძეს – "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერს, ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს.

ჯგუფური ძალადობის მიუხედავად, ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთ პირს, დანარჩენი თავდამსხმელები დაუსჯელები დარჩნენ.

პროკურატურამ განზრახ დამალა დანაშაულის სრული სურათი და სხვა მონაწილე პირების როლები ამ დანაშაულში.

2025 წლის 24 ივნისს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გოჩა სამხარაძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად და მას მხოლოდ 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა.

ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ აფარებს რეჟიმი ხელს საკუთარ მოძალადე მხარდამჭერებს". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო შერატონში ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანევლიძე, სხვა პირვებთან ერთად, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შერატონი ბათუმის განცხადებით, სასტუმრო თანამშრომლობს გამოძიებასთან და მზადაა, შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე, მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა.

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი, ფიზიკური ძალადობის ინიციატორად გიორგი გახარიას ასახელებენ.

კომენტარები