ზვიად ქორიძე

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ბათუმში, სასტუმრო შერატონში, მასზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე დაზარალებულად ცნეს.

ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სასტუმრო შერატონი ბათუმი უარს ამბობს მისთვის თავდასხმის ამსახველი ფაქტების ვიდეოჩანაწერის გადაცემაზე.

"დღეს დამიკავშირდა აჭარის პროკურატურის წარმომადგენელი და მითხრა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაზარალებულად ვეცნე იმ საქმეზე, რომელიც აღძრულია 15 იანვარს მომხდარ ფაქტზე, 126-ე მუხლით. მივედი თბილისის პროკურატურაში და დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

ამ დრომდე შერატონი ბათუმს ეს ვიდეოჩანაწერები არ მოუწოდებია ჩვენთვის და მივმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორსაც, რომ დაიწყოს საქმის წარმოება შერატონი ბათუმის წინააღმდეგ, რადგან ფაქტია, რომ კანონმდებლობას უხეშად არღვევს ეს სასტუმრო და ჩემი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც სასტუმროს მონაცემთა ბაზებშია, კერძოდ იმ ღამის ვიდეოჩანაწერები მე უნდა მიმეღო კანონით დადგენილი წესით და ვერ მივიღე". - თქვა ქორიძემ TV პირველთან საუბრისას.

ბათუმში, სასტუმრო შერატონში ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანევლიძე, სხვა პირვებთან ერთად, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შერატონი ბათუმის განცხადებით, სასტუმრო თანამშრომლობს გამოძიებასთან და მზადაა, შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე, მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა.

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი, ფიზიკური ძალადობის ინიციატორად გიორგი გახარიას ასახელებენ.

კომენტარები