დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

TOI: ისრაელი სირიის სამხრეთში არეულობის გამო 48 საათით რეგიონში რეჟიმის ძალებს შეუშვებს

სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობა ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგ დამასკოში, 16 ივლისი, 2025 წ. 
AP Photo/Ghaith Alsayed

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელმა 18 ივლისს განაცხადა, რომ სირიის სამხრეთში მიმდინარე არეულობის გამო, 48 საათის განმავლობაში სირიის ახალი რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს ელ-სუვაიდის მუჰაფაზაში შესვლის საშუალებას მისცემდნენ. 

"სამხრეთ-დასავლეთ სირიაში მიმდინარე არასტაბილურობის ფონზე, ისრაელი დათანხმდა, რომ მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეზღუდულად შეუშვას [სირიის[ შიდა უსაფრთხოების ძალები სუვაიდის პროვინციაში," განუცხადა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა რეპორტიორებს ანონიმურად. 

13 ივლისიდან მოყოლებული სუვაიდის პროვინცია სასიკვდილო ძალადობაში გაეხვა მას შემდეგ, რაც დრუზ მებრძოლებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები დაიწყო. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) მიხედვით, 4-დღიანი ბრძოლების განმავლობაში 254 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მედიკოსები, ქალები და ბავშვები. 

ხოლო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები სუვაიდის პროვინციაში რეჟიმის ძალების მხრიდან ქალებისა და ბავშვების დახოცვისა და სასულიერო პირებისთვის ულვაშის გაპარსვის შესახებ ცნობები გავრცელდა, ისრაელის დრუზმა მოსახლეობა მთავრობისგან სირიაში დრუზების დაცვა მოითხოვა. 

მოგვიანებით, 16 ივლისს, ბედუინებსა და დრუზებს შორის ზავი გამოცხადდა, მომდევნო დღეს კი სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ სუვაიდის დატოვება დაიწყეს, თუმცა, ადგილობრივი მედიისა და მცხოვრებლების ინფორმაციით, სამხრეთ სირიის სხვადასხვა ნაწილში შეტაკებები დღემდე გრძელდებოდა. 

რეგიონში შეტაკებების დაწყების შემდეგ ისრაელმა განაცხადა, რომ რეჟიმის სამხედრო ძალებს დედაქალაქ დამასკოს სამხრეთისკენ გადაადგილების საშუალებას არ მისცემდა. 16 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დამასკოში "ძლიერი იერიშებიც" მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა.

ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე კარმელსა და გალილეაში დაახლოებით 130 000 დრუზი ცხოვრობს. მათზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებში (IDF) სავალდებულო სამხედრო გაწვევა 1957 წლიდან ვრცელდება - დრუზების ნაწილს კი პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვან თანამდებობები უკავია.

ისრაელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ სირიაში დრუზების დაცვა მნიშვნელოვანია. თებერვალში ნეთანიაჰუმ სირიის ახალი რეჟიმისგან ქვეყნის სამხრეთის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.

აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები

კომენტარები