გამოცემა Bloomberg-ის მოპოვებული ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა 2017-2020 წლებში ჰაკერული თავდასხმები განახორციელეს საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებზე, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროზე, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკზე, ასევე, საკვანძო ენერგო და სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე.
"რუსი ჰაკერები რამდენიმეწლიანი ჰაკერული კამპანიებისა და ყოვლისმომცველი ჯაშუშური საქმიანობის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და მნიშვნელოვან კომპანიებს აკვირდებოდნენ და ინფორმაციას აგროვებდნენ, პოტენციურად, საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟის მიზნით", - წერს Bloomberg-ი სტატიაში.
გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, 2017-2020 წლებში რუსეთის დაზვერვამ საქართველოში წვდომა მოიპოვა ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებზე, ნავთობტერმინალებზე, მედიაპლატფორმებსა და სამთავრობო უწყებებზე.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო დაზვერვამ (ГРУ) შეაღწია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და, დიდი ალბათობით, წვდომა მოიპოვა ელექტრონული მეილის ანგარიშებზე და რამდენიმე მედიაორგანიზაციაზე, მათ შორის, ტელეკომპანია იმედსა და მაესტროზე. მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რუს ჰაკერებს წვდომა საქართველოს რკინიგზის რამდენიმე IT სისტემაზე 2 წლის განმავლობაში ჰქონდათ.
რაც შეეხება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ), აღნიშნული ორგანოს აგენტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზებიდან მოიპოვეს მაღალჩინოსანთა ელექტრონული მეილების ანგარიშები და ამოიღეს ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს საელჩოებიდან.
2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში რუსი ჰაკერები თელასის, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლების იმეილებს კითხულობდნენ და მათ მუშაობისას შენობაში არსებული კამერებიდან აკვირდებოდნენ. სხვა ჰაკერები თავდასხმებს სხვა სახელმწიფო ენერგოკომპანიებზე ახორციელებდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევდა, სურვილისამებრ, შეეწყვიტათ ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. როგორც გამოცემა წერს, ამგვარი ფირმები რუსული პროგრამა GreyEnergy-ით იყვნენ "ინფილტრირებული".
რუსეთის დაზვერვამ წვდომა მოიპოვა ბათუმის ნავთობტერმინალის სენსიტიურ ინფორმაციაზეც. 2019 წლის ოქტომბრისთვის ჰაკერებმა შეაღწიეს აღნიშნული ნავთობტერმინალის რამდენიმე სისტემაში, მათ შორის, ე.წ. სმარტ კამერებშიც. ამას გარდა, რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე კიდევ ორი ქართული ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი გახდა.
კიბერშეტევები განხორციელდა საქართველოს ეროვნულ ბანკზეც. 2019-2020 წლებში რუსმა ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს ორგანოსთან დაკავშირებული ელექტრონული მეილების ანგარიშები და აღნიშნული ანგარიშებიდან ამოიღეს კონფიდენციალური ტიპის მიმოწერები.
ჰაკერებმა ასევე შეაღწიეს სატელეკომუნიკაციო კომპანია Skytel-შიც, რისი საშუალებითაც მათ, სავარაუდოდ, წვდომა მოიპოვეს კომპანიის ადმინისტრატორულ სისტემებზე, ქსელის მარშრუტიზატორებზე (როუტერი) და სხვა კრიტიკულ სისტემებზე. ერთ-ერთ მოპოვებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებს, დიდი ალბათობით, შეეძლოთ, Skytel-ისა და მისი დაქვემდებარებული სხვა პროვაიდერების ყველა სატელეკომუნიკაციო სერვისი გაეთიშათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე სათვალთვალო ოპერაციას ახორციელებდა რუსული ჰაკერული ჯგუფი, სახელად Turla, რომელიც, აშშ-ს ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ერთეულთან - მე-16 ცენტრთანაა დაკავშირებული.
გამოცემის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე, აღნიშნული ჯგუფის ჰაკერები ინფორმაციას იპარავდნენ 7 ქართველი მაღალჩინოსნისგან, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოქმედი მოადგილისგან, ასევე აშშ-ში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს ელჩებისგან.
რუსული კიბერშეტევების სამიზნე იყო მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, კვიპროსში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, სამხრეთ კორეაში, აზერბაიჯანსა და კანადაში მდებარე საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში არსებული კომპიუტერები. Turla-ს წევრები ჰაკერულ თავდასხმებს მკაცრად გაწერილ სამუშაო საათებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ახორციელებდნენ.
მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, 2020 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე, Turla-მ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქსელში შეღწევის შედეგად, 114-ჯერ მოიპარა სენსიტიური ინფორმაცია, რომლის მოცულობა ჯამში დაახლოებით 2.1 გიგაბაიტს შეადგენს.
"ჯაშუშურმა კამპანიებმა, რომლებიც [საქართველოს] 2020 წლის არჩევნებამდე მიმდინარეობდა, რუსეთს საშუალება მისცა, ახლოდან ედევნებინა თვალი იმ ქვეყნისთვის, რომლის კონტროლიც მას სურს. ზოგი ჰაკერი მოსკოვის ოფისიდან რეალურ დროში საათობით აკვირდებოდა სამიზნეებს" - წერს Bloomberg-ი.





