უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირისგან უკრაინისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პრაქტიკის გამო სანქციების დაწესებას მოითხოვს და გაიმეორა ბრალდება, რომ უკრაინაში ეთნიკურად უნგრელი კაცი ჯარში ძალით გაიწვიეს და ცემით მოკლეს.
ამის შესახებ მან გამოცემა Origo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა, რომელიც 15 ივლისს გამოქვეყნდა.
„ასევე ბრიუსელის კარზე ვაკაკუნებთ და მოვითხოვთ, რომ ბრიუსელმა უკრაინაში ჯარში იძულებით გაწვევის პრაქტიკის წინააღმდეგ იმოქმედოს“. - თქვა ორბანმა.
მანამდე, 10 ივლისს, უნგრული მედიის, Telex-ის ცნობით, უნგრეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა 45 წლის იოჟეფ სებესტიენის სიკვდილთან დაკავშირებით, რომელსაც უნგრეთისა და უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა.
უნგრული მხარის მტკიცებით, სებესტიენი ჯარში ძალდატანებით გაიწვიეს და 6 ივლისს სამხედრო განყოფილებაში რკინის ძელით ცემით მოკლეს.
უკრაინა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კაცი 6 ივლისს პულმონალური ემბოლიით გარდაიცვალა და ავტოფსიის ანგარიშის მიხედვით, მის ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო მობილიზაცია კანონიერი იყო.
უკრაინული მხარის ცნობით, გარდაცვლილი პირი უკრაინის მოქალაქე, შებეშტენ იოსიპ იოსიპოვიჩი იყო, ხოლო უკრაინა ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს, ამიტომ ის ოფიციალურად უნგრეთის მოქალაქედ არ ითვლებოდა.
უკრაინის სახმელეთო ძალების ცნობით, კაცი ჯარში 14 ივნისს გაიწვიეს და 15 ივნისს წვრთნა დაიწყო, თუმცა სამი დღის შემდეგ დანაყოფი დატოვა, 24 ივნისს კი მწვავე სტრესის გამო ფსიქიატრიულ კლინიკას მიმართა, სადაც მის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები არ შეუნიშნავთ.
უკრაინის სახმელეთო ძალებმა ხაზი გაუსვა მის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისადმი და მედიასა და უცხო ქვყენების წამრომადგენლებს მოუწოდა, რომ გადამოუწმობელი ინფორმაცია არ გაავრცელონ.
უნგრელ მაღალჩინოსნებს ბრალდებების დასასაბუთებლად მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, უკრაინულმა მხარემ კი განაცხადა, რომ გამჭვირვალე გამოძიების ჩასატრებლად მზად არის.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გუშინ, 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე თქვა, რომ უნგრეთი ფორმალურად მოითხოვდა EU-ს გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების სისტემის ფარგლებში სანქციების დაწესებას.
"ოფიციალურად წარვადგენთ, რომ ყველა პასუხისმგებელი უკრაინელი სამხედრო ლიდერი EU-ს სანქციების სიაში შევიდეს". - თქვა სიიარტომ.





