უნგრეთი-უკრაინა

დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ – ორბანი ზელენსკის

Valentyn Ogirenko, Reuters

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი შეთანხმებაზე იმუშავებენ, რომელიც ორივე მხარის პრობლემებს გაითვალისწინებს.

ამაზე ზელენსკიმ და ორბანმა კიევში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრეს, რის შესახებაც უკრაინული მედია წერს.

"გვსურს, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დავალაგოთ, გვინდა, უკრაინასთან თანამშრომლობის შესახებ გლობალურ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, ისეთივეს, როგორებიც უნგრეთის სხვა მეზობლებთან გვაქვს". - თქვა ორბანმა. 

ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას მხარს დაუჭერს და ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში მას სხვა მხრივაც დაეხმარება.

"უკრაინას საუკეთესოს ვუსურვებ და უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს თქვენ დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ". - თქვა ორბანმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ორბანმა და ზელენსკიმ აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა დროთა განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გადაჭრისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

"ყველა დღევანდელი საკითხის შესახებ ჩვენი დიალოგის შინაარსი შესაძლოა ჩვენს სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტის საფუძველი გახდეს, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს დაარეგულირებს და დაფუძნებული იქნება ქვეყანათა შორის სარკისებრ მიდგომაზე". - თქვა ზელენსკიმ.

2 ივლისს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 1-ელ ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

კომენტარები