ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ევროკომისია: დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, უვიზო რეჟიმი შეჩერდეს

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს. დოკუმენტს საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, კომისიის ანგარიშმა ხაზი გაუსვა საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევებს, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, კომისიამ შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის, მოწოდებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონების გაუქმების შესახებ.

2017 წლიდან საქართველომ ისარგებლა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით, რაც შესაძლებელი გახდა ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ. უვიზო რეჟიმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში და მოუტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებს. ევროკავშირის 2018/1806 რეგულაციის (ვიზის რეგულაცია) 8(4) მუხლის შესაბამისად, რომელიც მოიცავს ვიზის შეჩერების მექანიზმს, ევროპული კომისია სისტემატურად აფასებს მესამე ქვეყნების მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შენარჩუნებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს შესაბამისი დიალოგი. 2024 წლის 6 დეკემბერს ევროპულმა კომისიამ მიიღო მეშვიდე ანგარიში ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. კომისიის ანგარიშმა გაუსვა ხაზი საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევებს, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, კომისიამ შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია. ისინი მოიცავს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გააუქმოს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ასევე საკანონმდებლო პაკეტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ"; შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი LGBTIQ პირების უფლებები. განსაკუთრებული რეკომენდაცია ეხება ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის ცვლილებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციურობას.

იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ქმედებები არ განხორციელდა, 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ და დაასრულა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, თორმეტმა წევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ამ ნაბიჯს სხვა წევრი ქვეყნებიც მიჰყვებიან.

შეფასების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები გაგრძელდება, კომისიამ, შეიძლება, დაიწყოს პროცედურები ვიზის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად, ევროკავშირის რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე.

გთხოვთ, ითანამშრომლოთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში. ვადასტურებ, რომ ევროკავშირი კვლავაც რჩება საქართველოსთან მყარი და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის ერთგული.

ამასთან, წერილში ჩამოთვლილია რეკომენდაციები, რომლებიც ევროკომისიამ 2024 წლის მომზადებულ დოკუმენტში გამოაქვეყნა:

• უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა;

• გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და პაკეტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ"; გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები;

• შეუსაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ;

• გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის, უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით;

• შექმნას აქტივების დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის კუთხით;

• მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას;

• შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში;

• შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს.

კომენტარები