ახლო აღმოსავლეთი

სირიაში დრუზებსა და სუნიტებს შორის კონფლიქტის ფონზე სამთავრობო ძალები სუვაიდაში შევიდნენ

Bakr Alkasem, AFP

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ადგილობრივ დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის კონფლიქტის განსამუხტად სამთავრობო ძალები ქალაქ სუვაიდაში შევიდნენ, სადაც ძირითადად დრუზები ცხოვრობენ. 

მთავრობა ქალაქში კომენდანტის საათის გამოცხადებას აპირებს. 

სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო ძალები სუვაიდაში შევიდნენ და მოსახლეობას მოუწოდა, "დარჩნენ სახლში და უკანონო დაჯგუფებების ნებისმიერი მოძრაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ". 

სამთავრობო ძალებმა ქალაქის მიმართულებით მოძრაობა გუშინ, 14 ივლისს დაიწყეს, დრუზების ნაწილმა კი თქვა, რომ სირიის მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 

დრუზების სასულიერო ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სუვაიდაში სამთავრობო ძალების შესვლა დადებითად შეაფასეს და დრუზ დაჯგუფებებს განიარაღებისკენ მოუწოდეს. თუმცა, სუვეიდაში დრუზების სამი სასულიერო ლიდერთაგან ერთ-ერთი, შეიხ ჰიკმატ ალ-ჰიჯრი ქალაქში სირიის სამთავრობო ძალების შესვლას დაუპირისპირდა და "საერთაშორისო დაცვა" მოითხოვა.

ამასთან, ისრაელმა, რომელსაც აქამდე დრუზების დაცვასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაუკეთებია, გუშინ რამდენიმე სირიული ტანკი დაბომბა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ეს იერიშები "სირიის რეჟიმისთვის გზავნილია და ნათელი გაფრთხილებაა, არ დავუშვებთ, რომ სირიაში დრუზებს ზიანი მიადგეთ".

დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა ბედუინმა პირმა დრუზი ბოსტნეულის გამყიდველი გაიტაცა. 

ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად ჯამში 99 ადამიანი მოკვდა - მათი ცნობით, მოკლულია 60 დრუზი, მათ შორის 4 მშვიდობიანი მცხოვრები, 18 შეიარაღებული ბედუინი, უსაფრთხოების ძალების 14 წარმომადგენელი და სამხედრო უნიფორმის მქონე 7 პირი, რომელთა ვინაობა დადგენილი არ არის.

სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეტაკებებს შეიარაღებული ძალების 18 წევრი ემსხვერპლა.

დრუზები ეზოთერული რელიგიური სწავლების მიმდევარი არაბები არიან, რომელთა რწმენის სისტემა შიიტური მიმდინარეობის, ისმაილიზმის საფუძველზე წარმოიქმნა, თუმცა თავს მუსლიმებად არ მოიაზრებენ და ისლამის ხუთ ბურჯს არ იზიარებენ. 

დრუზების უმრავლესობა სირიაში, ლიბანსა და ისრაელში ცხოვრობს.

კომენტარები