რუსული რეჟიმი

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე უსამართლო თავდასხმა შეწყვიტონ - პაპუაშვილი 17 ქვეყანაზე

შალვა პაპუაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი ქართული ოცნების მიმართ ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრებისა და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვას გამოეხმაურა. პაპუაშვილი ამ განცხადებას საქართველოზე უსამართლო თავდასხმად აფასებს.

"ამ 17 ქვეყანას ერთ რამეს ვეტყვი, რომ თავის ქვეყანაში ჩაიხედონ - მათ პოლიციელს რომ ვინმე წიხლით შესდგეს, მათ პარლამენტს რომ ვინმე წვავდეს, მათ რომ პიროტექნიკას უშენდნენ, ამ ყველაფერს მოითმენენ და რეაგირება არ ექნებათ? ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს უბრალოდ უსტანდარტობაა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის და დაბალ ღობედ გვთვლის. 

ჩვენს პოლიციელებს წიხლები უნდა ურტყან, ქვები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლონ და როგორც ჩანს, მათი გადმოსახედიდან, ეს ნორმალურია. ზუსტად ესაა, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს [...] უყურებენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც, თითქოს, მეორეხარისხოვან ქვეყანას [...] მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა საქართველოს სახელმწიფოზე უსამართლო თავდასხმა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა შეწყვიტონ  [...]

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და ევროპული ღირებულებების გზაზე დროზე დაბრუნდეს. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის საბჭოთა კავშირისკენ გზა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს და ძირეულ ღირებულებებს დაუბრუნდეს - როგორებიცაა: ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა. ის ხალხი, ის ქვეყნები და ის ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელისთვის ქვისა და მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის მშვიდობა, ეს ხალხი არ აცნობიერებს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, 2025 წლის 11 ივლისის ერთობლივი განცხადება საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით - განცხადებას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.

"ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულნი და ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით.

მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში.

მათი დაკავება, ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებასთან. დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს.

ჩვენ განვაგრძნობთ საქართველოს ხელისულების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.

ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონდმებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან" - წერია განცხადებაში

კომენტარები