უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ამჟამად რუსეთს უკრაინაში ომისთვის საჭირო საბრძოლო მასალის 40%-ს ამარაგებს. ამის შესახებ ბუდანოვმა Bloomberg-თან ისაუბრა.
ბუდანოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში საბრძოლო მასალასთან ერთად, სხვადასხვა ტიპის იარაღს, მათ შორის, ბალისტიკურ რაკეტებს და საარტილერიო სისტემებს აგზავნის. რუსეთი კი საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ ჩრდილოეთ კორეას თანხებს და ტექნოლოგიებს აწვდის.
"ეს ხარისხიანი იარაღია. ჩრდილოეთ კორეას ძალიან დიდი მარაგი აქვს და იქ წარმოება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს". - დაამატა ბუდანოვმა.
ამასთან, ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ბოლო სამ თვეში უკრაინის სამხედრო-სადაზვერვო დანაყოფების დანაკარგთა დაახლოებით 60% ჩრდილოეთ კორეის წარმოებული არტილერიით მიყენებული დარტყმების შედეგია.
მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინასთან ომში საბრძოლველად რუსეთში ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ელიტური "პერსონალური რეზერვიდან" უკვე 11 000 ჯარისკაცი გაგზავნა, რაც რეზერვის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
თებერვალში კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი აღნიშნავდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საბრძოლო მასალების 50%-ს აწვდის.





