ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

აშშ-მ იემენელ ჰუსიტებზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა

იემენის ჰუსიტები აცხადებენ, რომ აშშ-მ მათ წინააღმდეგ ახალი იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.  

ჰუსიტების ინფორმაციით, 17 მარტს, დილით ადრე დარტყმები ალ-ჯაუფისა და ჰუდეიდას რეგიონებში განხორციელდა, ხოლო აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ოპერაციები გაგრძელდა.  

ვაშინგტონი აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის ჰუსიტების მაღალი რანგის ლიდერიც არიან, თუმცა დაჯგუფებას ეს ინფორმაცია არ დაადასტურებია.  

ჰუსიტების ლიდერმა, აბდულ მალიკ ალ-ჰუსიმ განაცხადა, რომ მისი მებრძოლები გააგრძელებენ წითელ ზღვაში აშშ-ს გემებზე შეტევას, სანამ ამერიკა იემენზე თავდასხმას არ შეწყვეტს.  

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა ABC News-ს უთხრა, რომ შაბათს განხორციელებულმა იერიშებმა „ჰუსიტების რამდენიმე ლიდერი გაანადგურა“.  

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ეს კამპანია ეხება ნავიგაციის თავისუფლებას და შეკავების პოლიტიკის აღდგენას“ - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა Fox Business-ის ეთერში.  

ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელი ზღვის სავაჭრო გზებზე თავდასხმას გააგრძელებენ მანამ, სანამ ისრაელი ღაზის ბლოკადას არ მოხსნის და რომ მათი ძალები აშშ-ს იერიშებს უპასუხებენ.


16 მარტს, აშშ-მ იემენში ჰუსიტებზე "გადამწყვეტი და ძლიერი" საჰაერო იერიშები მიიტანა.

ეს ჰუსიტების წინააღმდეგ მიტანილი პირველი იერიში იყო დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან. 

მანამდე, 4 მარტს ტრამპის ადმინისტრაციამ იემენში ჰუსიტების პროირანული დაჯგუფება კვლავ დააბრუნა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა (FTO) სიაში, რითაც მან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. ანალოგიური გადაწყვეტილება ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც მიიღო.

ირანის მხარდაჭერით ჰუსიტები 2023 წლის ნოემბრიდან ადენის ყურესა და წითელ ზღვაში გამავალ სავაჭრო გემებს რაკეტებითა და დრონებით ესხმიან თავს. ჰუსიტები ისრაელს მტრად მიიჩნევენ - უთქვამთ, რომ ისინი გემებს პალესტინელების მხარდაჭერისთვის ესხმიან თავს, ხოლო მათი სამიზნე მხოლოდ ის გემებია, რომლებიც ისრაელთან, აშშ-სთან ან გაერთიანებულ სამეფოსთანაა დაკავშირებული. თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან 2023 წლიდან ჰუსიტების სამიზნე სხვა ქვეყნების გემებიც გამხდარან. 

კომენტარები