ევროპის თავდაცვის პოლიტიკა

ბრიტანეთი და საფრანგეთი პირველად შეთანხმდნენ, რომ ბირთვულ იარაღზე კოორდინაცია ექნებათ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი (მარცხნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
Manon Cruz/Reuters

გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ისტორიაში პირველად შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებას გაუწევენ თავიანთი ბირთვული იარაღის გამოყენებას და ევროპის დასაცავად ნებისმიერ "გარე საფრთხეს" ერთობლივად უპასუხებენ.

9 ივლისს ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეთანხმება ნიშნავს, რომ "ისტორიაში პირველად, ორივე ქვეყნის შესაბამისი შემაკავებელი საშუალებები დამოუკიდებელია, მაგრამ მათი კოორდინაციაა შესაძლებელი".

"არ არსებობს ევროპისადმი უკიდურესი საფრთხე, რომელიც ორივე ქვეყნისგან პასუხს არ გამოიწვევს. ასე რომ, ნებისმიერ მტერს, რომელიც საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის ან საფრანგეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს, ორივე სახელმწიფოს ბირთვული ძალები დაუპირისპირდება," განაცხადა გაერთიანებულმა სამეფომ. 

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტის უწყების ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ შეთანხმება "მესიჯია როგორც ჩვენი მოკავშირეებისთვის, ასევე მტრებისთვისაც," რადგან ეს ქმნის "სოლიდარობას ორ ბირთვულ ძალას შორის".

8 ივლისს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს "განსაკუთრებული პასუხისმგებლობა" აკისრიათ ევროპის უსაფრთხოებაზე. 

"ევროპაში არსებობს მოლოდინი, რომ რევიზიონისტი მეზობლების წინაშე ჩვენს ორ ქვეყანას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ კონტინენტის უსაფრთხოებაზე და დროა, ეს გამოხატული იყოს". - თქვა მაკრონმა. 

კომენტარები