დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა "Follow The Money" ახალ საგამოძიებო სტატიაში წერს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ქართველ-ამერიკელი ბიზნესმენი, ირაკლი რუხაძე, რომელიც ღიად აკრიტიკებს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ, ბიზნესსაქმიანობას ნიდერლანდებში ეწევა.
სტატიაში რუხაძის მფლობელობაში არსებული Imedi TV მტკიცედ ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებელ მედიად არის დახასიათებული, რომელიც "პროსამთავრობო" მედიასაშუალებად მიიჩნევა.
FTM-ის გამოძიების მიხედვით, რაც ანტიკორუფციული ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ფინანსურ ანალიზს ემყარება, რუხაძის ოთხი ბიზნესი, რომლებშიც ის მნიშვნელოვან წილს ფლობს, მათ შორის, Imedi TV-იც, ნიდერლანდებშია დარეგისტრირებული, სადაც გადასახადების კუთხით უფრო ხელსაყრელი გარემოა.
სტატიის მიხედვით, FTM-მა და საერთაშორისო გამჭვირვალობამ საქართველოსა და ნიდერლანდებში იმ კომპანიების წლიური ფინანსური ანგარიშები გაანალიზეს, რომლებსაც რუხაძე ფლობს და აღმოაჩინეს, რომ ექვსიდან ოთხი მათგანი ამსტერდამშია რეგისტრირებული. ეს კომპანიებია Media Finance Group, რომელიც Imedi TV-ს ფლობს, და მშობელი კომპანიები: Liberty Bank, Rustavi Steel და Hunnewell Cement.
ამასთან, სტატიაში წერია, რომ 2017 და 2023 წლებში გამოქვეყნებული პრესრელიზების მიხედვით, Hunnewell Cement-ის მშობელი კომპანია, CaucasusCement Holding B.V. ნაწილობრივ ივანიშვილის მიერ დაარსებულმა კერძო კაპიტალის ფონდმა შეისყიდა.
ამას გარდა, გამოძიებით დადგინდა, რომ რუხაძის ოთხივე კომპანიას ფინანსური მომსახურებით JTC უზრუნველყოფს, რომლის სათავო ოფისიც გაერთიანებული სამეფოს ჯერზის კუნძულზე მდებარეობს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ნიდერლანდების მხრიდან რუხაძისა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მოწოდებები გაიზარდა. Hunnewell Partners-ის თქმით, მსგავსი მოწოდებები "პოლიტიკურადაა მოტივირებული და წარმოადგენს არადემოკრატიულ მცდელობებს, რათა მოხდეს პოპულარული ტელევიზიის დადუმება."
თუმცა, სტატიის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიდერლანდები მათ დასანქცირებას გადაწყვეტს. FTM-ის კითხვებზე პასუხად ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა პარლამენტისადმი მიწერილ წერილში, რომელშიც მინისტრი კასპარ ველდკამპმა განიხილა საგადასახადო სტრუქტურა, რომლის ქვეშაც Imedi TV ნიდერლანდებშია დარეგისტრირებული.
"მთავრობა არასასურველად მიიჩნევს, რომ ნიდერლანდურმა სტრუქტურებმა ისეთი უცხოოური ახალი ამბების არხები დააფინანსონ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. თუმცა მანამ, სანამ ისინი კანონებსა და რეგულაციებს ემორჩილებიან, მათი მოქმედებები არ არის დასჯადი." - წერდა ველდკამპი მარტში.
ამასთანავე, FTM-ს სანქციების საკითხებში ექსპერტმა, მაუდ ბიოკერინკმა განუცხადა, რომ Imedi TV-ის ქმედებები დასჯადი რომც იყოს, ნიდერლანდებში რუხაძის მსგავსი პოლიტიკური სამიზნეების ცალმხრივად დასანქცირების ჩვეულება არ არსებობს. "ვფიქრობ, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არასდროს მინახავს, რომ გამოყენებული ყოფილიყოს," უთხრა მან FTM-ს.





