არჩევნები 2025

როგორია ზურაბიშვილის პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე

დოლორეს ბილბაო/ტაბულა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა ქართული ოცნების "შემოგდებულია", რათა ოპოზიცია დააპირისპიროს. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, "ეს არის დიდი მითი". 

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, "ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია". მისი თქმით, ფულადი და ადამიანური რესურსი უნდა მოხმარდეს პროტესტის გაძლიერებას. 

მეხუთე პრეზიდენტის გეგმით, ყველამ უნდა აღიაროს, რომ "არ მივიღებთ არჩევნების ფარსში მონაწილეობას, მაგრამ მივიღებთ ყველა მონაწილეობას ამ ბრძოლის ბოლო ეტაპში". მისი აზრით, ეს მოითხოვს პირველ რიგში, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაძლიერდეს, გაცოცხლდეს და გაფართოვდეს.

"ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი.  არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული თემა ქართული ოცნების. რისთვის? იმისთვის, და შედეგიც მიღწეულია, რომ დააპირისპიროს, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე - მომხრეები და მოწინააღმდეგეები არარსებული არჩევნების. ჩვენ ვართ აბსურდის თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ ახლა მიდის ამ ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ,

რეალურად, დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ბოლომდე ეს ხელისუფლება ამ არჩევნების მითს, მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი, რადგან არ შეიძლება... ერთადერთი ჩვენი ძალა არის ერთობა და ამ ორივე მხრიდან, არჩევნებში მონაწილეობის მხარე ხომ წარუმატებლობით დამთავრდება, რომც მივიდეს ბოლომდე... წარუმატებლობით იმიტომ, რომ არ არსებობს ამ პირობებში გამარჯვების ფორმულა, თვითონ პარტიები, რომლებიც მონაწილეობის მომხრე არიან, არ აცხადებენ როგორც მათ ამბიციას, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე, რომ თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს, არ ვიცი, რა არის მიზანი, თუ ეს არის მათი პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება, იმიტომ, რომ უკვე მოჰყვა ისეთი დისკრედიტაცია, რომ კონსოლიდაციაც არ იქნება მომავალში და ვერაფერს ვერ მიაღწევენ როგორც რეალურ შედეგს იმ ბრძოლის, რომელიც არის ჩვენი ერთიანი ბრძოლა.

მეორეს მხრივ, ბოიკოტი როგორც პროტესტი, განცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მესმის, მაგრამ ბოიკოტი, როგორც კამპანია, რომელიც ისახავს რამე შედეგს, ესეც აბსურდია, რადგან არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებული იქნა როგორც რამე გამარჯვება. 

ცხადია, რომ დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ისევე გააყალბებენ ბოიკოტს კიდევ უფრო ადვილად - შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, რომც იყვნენ მოწინააღმდეგეები, იმიტომ, რომ აიძულებ და თუ დათვლადი იქნა ეს ბოიკოტი, შეუძლია ეს რეჟიმს გაასაღოს თავის გამარჯვებად და საერთოდ, დიქტატორულ რეჟიმებში ასე თავდება ბოიკოტის კამპანიები.

ამიტომ, ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია, იმიტომ, რომ ჯერ ერთი გახლეჩილები ვართ, ასევე, იხარჯება ძალიან დიდი ერთი მხრივ, ფულადი რესურსები, მეორე მხრივ, ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და რომელიც დაიხარჯება რაღაც ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც ცოტა მიჭირს.

ჩვენი გამოსავალი რა არის - ერთიანობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება პირიქით დაპირისპირებას, გახლეჩვას, უიმედობას, ეს არის ბოლო ბერკეტები, რაც გააჩნია უკვე ნაწილობრივ ჩამოშლილ ოცნების რეჟიმს, ჩვენ კი არ უნდა გავუადვილოთ, ახალი სისხლი კი არ უნდა მივაწოდოთ შიდა დაპირისპირებებით, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ ერთობა, რომელიც არის მათ წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტური ბრძოლის საშუალება.

ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რაც გაგვაჩნია, რომელიც მოითხოვს, რომ მოვიდეთ გონს, არავინ არ არის აქ გამარჯვებული და დამარცხებული, ასე არ უნდა დამთავრდეს ეს მონაწილეობას მივიღებთ-არმივიღებთ ჭიდილი, უნდა დამთავრდეს იმით, რომ ყველა გავიგებთ, რომ ეს არ არის ჩვენი თემა, ჩვენი თემაა, როგორ გავაძლიეროთ ის პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ამ დღემდე და პოლიტიკურმა მხარემ როგორ უნდა გააძლიეროს და არა ჩართოს თავის დაპირისპირებაში.

ამისთვის გეგმა არის საკმაოდ მარტივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან შინაარსიანად გასატარებელი.

გეგმის პირველი ნაწილია აღიარება, რომ არავინ არ გაიმარჯვა, არავინ არ დამარცხდა და ჩვენ არ მივიღებთ არჩევნების ფარსში მონაწილეობას, მაგრამ მივიღებთ ყველა მონაწილეობას ამ ბრძოლის ბოლო ეტაპში, ეს მოითხოვს პირველ რიგში, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაძლიერდეს, გაცოცხლდეს და გაფართოვდეს, უნდა შემოვიყვანოთ ყველა ფორმატი და ჯგუფი, რომლებიც ვიცი, რომ სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან და აქვთ სხვადასხვა მოსაზრება, ყველა მოსაზრება არის საჭირო და ყველა ჯგუფის წარმომადგენლობა არის აუცილებელი.

ეს არის ნამდვილი ერთიანი წინააღმდეგობის პლატფორმა, ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე, რაც უნდა გვქონოდა ბევრად ადრე და რასაც ჰქვია გარდამავალი მთავრობა, არავის არ უყვარს ვაკუუმი, ჩვენი საზოგადოების წუხილი და მისი ნაკლები ჩართულობა აქედანაც გამომდინარეობს, ვერ ხედავს, "ესენი თუ არა, აბა, ვინ" - ეს არის მუდმივი კითხვა, როცა მოდის ცვლილება რეჟიმის. ამ კითხვაზე, ჩვენ ვართ ვალდებული, რომ პასუხი გავცეთ და დავანახოთ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, ვინ იქნება სხვა, როცა ეს დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება ამ რეჟიმის დასრულებით და დავანახოთ, რომ ესენი იქნებიან პროფესიონალები... 

მესამე - სამოქმედო გეგმა, პროგრამა, რაც გვაქვს. ეს არის ქართული ქარტია, რომელსაც სჭირდება განახლება, რადგან მისი მიღების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, თუმცა, არსებითი ნაწილები არ შეცვლილა, მაგრამ დღევანდელი დღის შემხედვარე უნდა შევცვალოთ და გავააქტუალოთ და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე გვაქვს ფაქტობრივად. ასევე, უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც უნდა იყოს მიღწეული იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რაც მოჰყვება ასევე ამ რეჟიმის ჩამოშლას,

ეს არის ის, რაც გვევალება ჩვენ, ვინც ვთვლით, რომ გვაქვს რაღაც პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის და საზოგადოების მიმართ - ერთიანობა, ხედვა მომავლის და იმედი. და არამხოლოდ იმედი, იმის დაჯერება, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება ნამდვილი გამარჯვება თუ ჩვენს თავზე ავიღებთ, რომ არ გავაგრძელოთ ეს უაზრო დაპირისპირებები, რომლებიც ჩვენ გვასუსტებს და იმათ აძლიერებს" - ამბობს ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.

კომენტარები