ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ოცნების მომხრე ESN რეზოლუციის შესწორებაში EU-ში საქართველოს შესვლას ეწინააღმდეგება

ქართული ოცნების მხარდამჭერმა სუვერენულ ერთა ევროპის (ESN) პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში დააინიცირა შესწორება, რომლითაც "ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას".

"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს შესახებ კომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშების პროექტს. ტექსტი არა მხოლოდ აშკარად ავლენს პოლიტიკურ მიკერძოებას, არამედ შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომლებიც იურიდიულად და ინსტიტუციურად მიუღებელია ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით". - წერს პოლიტიკური ჯგუფი ESN.

სუვერენულ ერთა ევროპის (ESN) ინიცირებული შესწორებები:

• [ESN] აღიარებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერებას, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის ლეგიტიმურ გამოხატულებას უცხოური პოლიტიკური ზეწოლის ფონზე; პატივს სცემს საქართველოს მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორობების გადახედვას, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული ინტერესების დაცვა;

• მოუწოდებს ევროკავშირს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციურ სისტემას და მის უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფორმები, პოლიტიკური წინაპირობების გარეშე; მიესალმება შესაძლებლობას, გადახედოს ევროკავშირის გაფართოების მიდგომას საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით; აღნიშნავს აუცილებლობას, რომ გაფართოების ავტომატური მოდელის ნაცვლად მოხდეს გადასვლა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებების ფორმატზე, რომელიც პატივს სცემს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტსა და უნიკალურობას;

• პატივს სცემს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, როგორც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების გამოხატულებას; ხაზს უსვამს ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობას, მოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა უზრუნველყონ პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება;

• აღიარებს საქართველოსათვის ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან პრაგმატული ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობას – როგორც რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ისე ეროვნული ინტერესების დასაცავად;

სუვერენულ ერთა ევროპა ყველაზე პატარა პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში, რომელიც 25 დეპუტატს აერთიანებს. შესწორების ავტორები არიან ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარები: მილან ურიკი (მოძრაობა რესპუბლიკა, სლოვაკეთი), სარა კნაფო (Reconquête, საფრანგეთი) და ალექსანდრ სელი (AfD, გერმანია).

კომენტარები