ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, შემაშფოთებელია კანონმდებლობა, რომელიც სულ უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ხელს უწყობს მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას. ასევე, შემაშფოთებელია პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებები.
"ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაპატიმრებებსა და გასამართლებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია". - ამბობს ეუთო/ოდირის დირექტორი, მარია ტელალიანი.
ამასთან, ეუთო/ოდირი განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავს ბოლო თვეებში ათობით მომიტინგეს დაპატიმრებასა და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაუცველობას. ასევე, ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე გაზრდილ ზეწოლას.
გარდა ამისა, ეუთო/ოდირი სინანულს გამოთქვამს "საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო – არ მოიწვიოს ოფისი ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ბოლო ორი ათწლეული განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გადახვევაა.
"ეუთო/ოდირი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებას". - თქვა ტელალიანმა.





