რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ BRICS მსყიდველობის უნარის პარიტეტის მიხედვით მშპ-ს მაჩვენებლით ქვეყნების რიგ სხვა გაერთიანებებს, მათ შორის, დიდ შვიდეულსაც (G7) უსწრებს.
ამის შესახებ პუტინმა BRICS-ის სამიტის პლენარულ სხდომაზე ვიდეოჩართვის დროს ილაპარაკა.
"BRICS-ის ქვეყნებზე მოდის არა მხოლოდ დედამიწის ხმელეთის მესამედი და პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, არამედ ასევე მსოფლიო ეკონომიკის 40%, ხოლო მათი ერთობლივი მშპ მსყიდველობის უნარის პარიტეტის მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიხედვით, უკვე 77 ტრილიონ დოლარს აღწევს. სხვათა შორის, ამ მაჩვენებლით BRICS მნიშვნელოვნად უსწრებს ზოგიერთ სხვა გაერთიანებას, მათ შორის, დიდ შვიდეულსაც, მათ 57 ტრილიონი დოლარი აქვთ". - ირწმუნება პუტინი.
6-7 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში BRICS-ის სამიტი ბრაზილიის თავმჯდომარეობით ტარდება.
25 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერის გამო, ბრაზილიაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე არ ჩავიდოდა.





