თვითმმართველობის არჩევნები 2025

ოპოზიციური პარტიების შეფასებები ძლიერი საქართველოს არჩევნებში მონაწილეობაზე

ძლიერი საქართველოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც კოალიცია 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოეხმაურნენ. 

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლელომ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია და გადაწყვეტილება ლელოს მორალურ სიკვდილად შეაფასა. 

"ძალიან სამწუხაროა. უკიდურესად.

ლელომ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია.

ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის.

არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს ლელოს ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს. ეს ხომ ნაცადი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება.

დღეს ვიხილეთ ლელოს მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!" - დაწერა სოციალურ ქსელში ბოკუჩავამ. 

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, "4 პროცენტიანი ლელო რას იზამს, ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს".

"ძალიან კარგია სიცხადე! 4 პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!

სუსტები არიან თუ მოღალატეები ისტორიამ განსაჯოს, ჩვენ საქმეს მივხედოთ! და საქმე ბევრია და აუცილებლად მივხედავთ!

P.S ხოდა კიდე ფულით და ტელევიზიით აშანტაჟეთ საკუთარი თავები, ბიძინამ ვერ გატეხა ეს ქვეყანა ფულით, მართლა მეცინება", - დაწერა ელენე ხოშტარიამ. 

როგორც პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა, "არაღიარების კამპანიის ფარგლებში მათი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც".

"ფედერალისტების სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც.

ჩვენს ამომრჩეველს ინტელექტუალურ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ.

რაც არასწორია - ის სამიზნეა!" - წერს ჩერგოლეიშვილი. 

ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პარტია თავისუფლების მოედანიც, რომელმაც კოალიცია რამდენიმე თვის წინ დატოვა. 

"არ ვეთანხმებით "ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას "არჩევნებში" მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია.

ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ - ჩვენი მთავარი სამიზნე რუსული პარტიის "ქართული ოცნებაა."

"თავისუფლების მოედანი" ფოკუსირებული ვიქნებით აქტიური ბოიკოტის და ალტერნატიული, დემოკრატიული და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე და ჩვენს რესურსებს სწორედ ამისაკენ მივმართავთ" - წერია პარტიის განცხადებაში. 

კომენტარები