ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ სირიის ახალი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა მათთან თანამშრომლობის სრულად აღდგენის სურვილი დაადასტურა.
"სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საკუთარი სურვილი აღდგეს თანამშრომლობა სრული ფორმატით, რასაც, რა თქმა უნდა, დავთანხმდით და დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, დავუბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვას. პირველ რიგში, ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი.
სირიული მხარე დაინტერესებულია აფხაზეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ფარგლებში ლოჯისტიკური დერეფნების, სატრანსპორტო დერეფნების გახსნით, საკუთარი ტვირთის, საკუთარი პროდუქტის გადატანით უცხოურ ბაზარზე, მათ შორის ჩვენი პორტებისა და სატრანსპორტო შესაძლებლობების დახმარებით. ვთვლი, რომ ეს ჩვენი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
აფხაზეთს შეუძლია შეიძინოს ბევრად უფრო დიდი წონა ტრანსრეგიონულ თანამშრომლობაში. სირიული მხარის ხელმძღვანელებს ველაპარაკეთ ჩვენს გახსნილ შესაძლებლობებზე, მათ შორის სოხუმში საერთაშორისო აეროპორტის გახსნაზე. ეს ინფორმაცია ინტერესით მიიღეს და ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში თანამშრომლობას სირიულ მხარესთან ფართო სპექტრში თანამშრომლობას დავიწყებთ. დავადასტურეთ, რომ აფხაზეთი მიიღებს მონაწილეობას რეგიონში, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას შორის ყველაზე დიდი ბაზრის გამართვის ღონისძიებაში, რომელიც დამასკოში, აგვისტოს ბოლოს 62-ჯერ გაიმართება." - თქვა ბარციცმა.
3 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები, სადაც საუბარია, მათ შორის, საქართველოს შესახებ. საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოწოდების გარდა, დოკუმენტი სირიის ახალ მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების გაწვევას სთხოვდა. ქართულმა ოცნებამ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა.
სირია იმ მცირე ქვეყნების სიაში შედის, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. ეს 2018 წელს, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს მოხდა. 2020 წელს აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სირიაში ე.წ. საელჩო გახსნა.
2025 წლის იანვარში, ასადის ხელისუფლების დამხობიდან მცირე ხნის შემდეგ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კოალიციამ ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ, ძლიერმა საქართველომ და პარტიამ გახარია-საქართველოსთვის სირიის ახალ მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ უკან წაეღოთ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარება.
2025 წლის მაისში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა X-ზე დაწერა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა გაეუქმებინა ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.





