ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ: კოალიციამ ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ, ძლიერმა საქართველომ და პარტიამ გახარია-საქართველოსთვის სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართეს, რომ აფხაზეთის აღიარება უკან წაიღონ.
"ოთხმა პარტიამ სირიის ახალ ხელისუფლებას ჩვენი ხელმოწერით მიმართვა გავუგზავნეთ [...] როგორც იცით, 2018 წელს სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა [...] სირიის ახალ ხელისუფლებას თხოვნითა და მოთხოვნით მივმართეთ, რომ აფხაზეთის აღიარება უკან წაიღოს". - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
მიმართვის შესახებ ისაუბრა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამაც.
"ჩვენ მივმართეთ სირიის ახალ ხელისუფლებას, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ხალხის მხარდაჭერით შეძლო, გაეძევებინათ ასადის სისხლიანი დიქტატურა, რაც არის იმის დადასტურება, რომ რუსეთი მარცხდება ყველგან: სირიაში, მოლდოვაში, რუმინეთში [...] ასევე, ჩვენ კონტაქტი გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, იქნება ეს აშშ, ბრიტანეთი, უკრაინა თუ სხვა, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა". - თქვა ბოკუჩავამ.
კომენტარი გააკეთა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
"ჩვენ ის შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რომელიც ახლა სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის მერე გაიხსნა [...] ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია". - ამბობს ჯაფარიძე.
პარტიებმა ის ტექსტიც გააასაჯაროვეს, რითიც მათ სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართეს:
ტექსტს, რომელსაც ხელს ზურაბ ჯაფარიძე, თინა ბოკუჩავა, ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა აწერენ, სრულად გთავაზობთ:
"მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს:
თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის.
ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები.
სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა.
თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა.”





